„ბენეფიტსი“, „საქართველოს ფოსტა“ და „კლიპარტი“ გილოცავთ დედის დღეს!
ტრადიციას არც ამჯერად ვუღალატეთ და 3 მარტის აღნიშვნა კვლავაც განსხვავებული ფორმით გადავწყვიტეთ.
დე, გახსოვს?! – ასე დავარქვით ჩვენს წლევანდელ კამპანიას. მიზნად კი, ამჯერად, დედებისთვის ყველაზე ძვირფასი მოგონებების გაცოცხლება და მათი ყველაზე ბედნიერ მომენტებთან დაბრუნება დავისახეთ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის ყველანაირი კონტენტის ციფრული ვერსიაა ხელმისაწვდომი, ვფიქრობთ, ხელშესახებ მოგონებებს მაინც ვერაფერი ჩაანაცვლებს და ისინი ყველაზე მეტად აღძრავენ ემოციებს. სწორედ ამიტომ, 2022 წლის 3 მარტისთვის მოგონებათა ბეჭდური ალბომი შევქმენით. თითოეულ მათგანზე ინდივიდუალურად ვიმუშავეთ. დედებისა და შვილების ინტერნეტში ხელმისაწვდომი ფოტოები მოვიძიეთ და ალბომის პირველი გვერდები მათი ბეჭდური ვერსიებით შევავსეთ.
დარჩენილი ფურცლების შევსებას კამპანიის გმირებს ვანდობთ. დედებს, თავიანთი სურვილის მიხედვით, შეეძლებათ, ალბომებში ჩააკრან სამახსოვრო ფოტოები თუ შვილების ნახატები, მათთვის დაწერილი წერილები თუ ასაკის მიხედვით მოხაზული ხელის მტევნები. საბოლოოდ, ალბომი ერთგვარ ბეჭდურ წიგნად იქცევა, რომელიც დედა-შვილის ერთად განცდილ საუკეთესო მომენტებზე მოჰყვება.
ისევე, როგორც ყოველ წელს, კამპანიის მონაწილეებმა ამჯერადაც საჩუქრის ორი – ბეჭდური და ციფრული – ვერსია მიიღეს.
იმედი გვაქვს, ჩვენი საჩუქარი თქვენი და თქვენი პატარას ცხოვრების მეგზურად იქცევა.
პარტნიორობისა და წლევანდელი წლის იდეის მხარდაჭერისთვის „კლიპარტი“ მადლობას უხდის სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსსა“ და „საქართველოს ფოსტას“.